11.04.2008

ტერტულიანეს მემკვიდრეები

მემარცხენეთა შორის გავრცელებული სტერეოტიპის მიხედვით, ადამიანის ჭეშმარიტ ინტერესს ეკონომიკური ბაზისი განსაზღვრავს, ხოლო ისინი, ვინც კულტურული ზედნაშენიდან გამომდინარე აკეთებენ არჩევანს, ყალბი ცნობიერების ანუ კლასობრივად უცხო იდეოლოგიის ტყვეობაში იმყოფებიან. მათ გულწრფელად არ ესმით, როგორ შეიძლება გონიერმა ამომრჩეველმა კულტურული იდენტობა კლასობრივ ინტერესზე მაღლა დააყენოს.

ამასთან, დემოკრატები დარწმუნებულები არიან, რომ ღარიბი და საშუალო კლასის ამომრჩევლის ეკონომიკურ ინტერესს მხოლოდ და მხოლოდ მემარცხენე პოლიტიკა – ბევრი რეგულირება, მაღალი გადასახადები, დიდი სახელმწიფო ხარჯები, ძლიერი პროფკავშირები და დახურული ბაზარი პასუხობს. მართალია, სოციალიზმის ისტორია ასეთი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა, მაგრამ განა რა მოხდა?

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სწამთ, იმიტომ რომ აბსურდია. შემწყნარებლობის კანონები მოითხოვს რომ ნებისმიერ რწმენას თანაბარი პატივისცემით მოვეპყრად. პრობლემა ისაა, რომ თავად ეს რწმენა არის სხვათა მიმართ შეუწყნარებელი.

პროგრესული იდეების გამარჯვების ობიექტურ კანონზომიერებაში დარწმუნებული ძალიან ბევრი მემარცხენე თავს არ იწუხებს იმით, რომ განსხვავებულ აზრთან სერიოზულ პოლემიკაში შევიდეს ან თავისი მსოფლმხედველობის სისწორის გასარკვევად ემპირიული ფაქტების საფუძველზე გადაამოწმოს. ის რაც პროგრესული არაა, ის ხომ იმთავითვე ჩამორჩენილია, სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია რომ იყოს. მის მიერვე შექმნილი განუვითარებელი ოპონენტის კარიკატურასთან კამათი პროგრესული ლიტურგიის ყველაზე სახალისო ელემენტია. 

Post a Comment