11.04.2008

საგარეოპოლიტიკური პოლიფონია

ძალიან ბევრი რამ ამერიკის საგარეო პოლიტიკაში დაფუძნებულია კონსენსუსზე. იმ გამოწვევებს, რომლის წინაშე შეერთებული შტატები და მსოფლიო დგას, რესპუბლიკელები და დემოკრატები მეტ–ნაკლებად ერთნაირად აფასებენ, მაგრამ ამ გამოწვევებზე მათ განსხვავებული პასუხები გააჩნიათ, თუმცა ფუნდამენტური მიდგომები ძირითადი პოლიტიკური ძალების მიერ გაზიარებულია და ადმინისტრაციის ცვლა, საგარეო პოლიტიკის რადიკალურ რევიზიას, როგორც წესი, არ იწვევს.

ვინც არ უნდა მოიგოს არჩევნები, ამერიკას თავისი ეროვნული ინტერესები აქვს, რომლებიც ზოგჯერ ლამის ავტომატურად განაპირობებს იმ პოზიციას, რომლის დაკავებაც ამ სახელმწიფოს მოუწევს, იმისდა მიუხედავად, თუ რა შეხედულებების მატარებელი არ უნდა იყოს ესა თუ ის პოლიტიკოსი, რომელსაც კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება უწევს.

იმის წინასწარმეტყველება, თუ როგორ იმოქმედებენ გამარჯვების შემთხვევაში ობამა ან მაკეინი, რთულია, მაგრამ რაღაც თვალსაზრისით მაინც შესაძლებელია გარკვეული წარმოდგენა შევიქმნათ იმ ტრადიციებიდან გამომდინარე, რომელიც დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს გააჩნიათ. აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაიმე მონოლითური ტრადიცია არც ერთ პარტიაში არ არსებობს. პლურალისტურ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გვხვდება არა მხოლოდ პარტიებს შორის, არამედ მათ შიგნითაც.

დღეს რესპუბლიკური პარტია იდეოლოგიურად გაცილებით უფრო ჰომოგენურია და დემოკრატებთან შედარებით მასში შიდა წინააღმდეგობები შედარებით ნაკლებია. დემოკრატიულ ბანაკში იდეოლოგიური მოზაიკა გაცილებით მრავალფეროვანია და ხშრად რადიკალურად განსხვავებული პოზიციების ადამიანებს აერთიანებს.

ტრადიციულ დემოკრატებს უფრო მეტი აქვთ საერთო რესპუბლიკელთა ძირითად ტენდენციასთან, ვიდრე საკუთრ ულტრამემარცხენე თანაპარტიელებთან. ფართო კოალიციები პარტიას ეხმარება არჩევნებში გამარჯვებაში, მაგრამ შემდეგ ურთიერთგამომრიცხავი იდეოლოგიური პოზიციები, შინაგანი წინააღმდეგებობები ქმედითი პოლიტიკის გატარებას ლამის შეუძლებელს ხდის და ეფექტური მართვის განხორციელებას ხელს უშლის

Post a Comment