11.04.2008

"მშვიდობიანი თანაარსებობა"

II მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთი უფრო ჩემბერლენის ლოგიკით მოქმედებდა, ვიდრე ჩერჩილის. მათთვის, ვინც რკინის ფარდის აქეთა მხარეს მოხვდა, იალტის შეთანხმება ბევრად არ განსხვავდებოდა მიუნხენის გარიგებისგან. 1946 წლის ჯორჯ კენანის ცნობილი "გრძელი დეპეშა" პირველი გაფრთხილება იყო.
გადატრიალებას ჩეხოსლოვაკიაში და ბერლინის ბლოკადას, შემდეგ წელს მაოს გამარჯვებას ჩინეთში და პირველ საბჭოთა ატომურ ბომბს სტრატეგიული პასუხი სჭირდებოდა, რომლის კონცეპტუალური საფუძელი, კენანის ნაშრომთან ერთად, პოლ ნიცეს აწ უკვე ცნობილ ეროვნული უშიშროების საბჭოს მოხსენება NSC 68 გახდა.
თითქმის მთელი ცივი ომის განმავლობაში ამერიკის საგარეო პოლიტიკას შეკავების დოქტრინა განსაზღვრავდა. ნაწილობრივი წარმატების მიუხედავად ეს დოქტრინა რეაქტიული ხასიათისა იყო და ინიციატივას რუსეთის ხელში ტოვებდა. რეალურად შეკავებამ მხოლოდ დასავლეთ ევროპაში იმუშავა, მაგრამ უკვე 50–იანი წლების ბოლოსთვის აფრიკისა და აზიის მნიშვნელოვანი ნაწილი საბჭოთა გავლენის სფეროში მოექცა, 60–იან წლებში კომუნისტურმა მეტასტაზებმა ლათინურ ამერიკაშიც იჩინა თავი.
"მშვიდობიანი თანაარსებობის" მშვენიერი ევფემიზმი აღმოჩნდა რუსული ჩექმის ქვეშ მოქცეულ აღმოსავლეთ ევროპელთა ბედისადმი გულგრილობის შესანიღბავად. ჩეხოსლოვაკია არა მხოლოდ 1968, არამედ 1948 წელსაც, ბერლინის კრიზისი იმავე წელს, პოლონეთი და აღმოსავლეთ გერმანია 1953–ში ამ პრობლემის ტრაგიკულ მაგალითებს წარმოადგენს. თავისუფალი სამყაროს მზადყოფნა, თვალი დაეხუჭა ყველაფერზე არა მხოლოდ ფარისევლობაზე მეტყველებდა.
პრობლემის სათავე დეკადენტურ განწყობილებაში უნდა ვეძიოთ – რეიგანამდე დასავლეთი ვერ ხედავდა საკუთარ თავში ძალას, რომ ეფიქრა არა შემგუებლურ გადარჩენაზე, არამედ ღირსეულ გამარჯვებაზე. სწორედ ამიტომ იქცა გიპერი კონსერვატორთა საკულტო ფიგურად და უკვე 2 ათეული წელიწადია, რეიგანის ნოსტალგიით განმსჭვალული რესპუბლიკელები მის რეინკარნაციას უსაზღვროდ ელიან, რომელიც ამერიკის წინაშე მდგარ გამოწვევებზე პასუხის გაცემას და ქვეყნის ახალ ბრძოლებში გაძღოლას მასავით შეძლებს.
დღეს, როცა შეერთებული შტატების შელახულ იმიჯზე საუბარი ერთგვარ ინტელექტუალურ მოდად იქცა და ვისაც არ ეზარება პოსტამერიკული ეპოქის მოახლოვების შესახებ შეუნიღბავი სიამოვნებით ენამზეობს, ურიგო არ იქნება გასული საუკუნის 60 და 70–იანი წლები გაიხსენოს – ვიეტნამის ომი, კენედებისა და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობები, უოთერგეიტი.
განა მაშინაც ან თუნდაც რეიგანის დროს არ ტარდებოდა მრავალმილიონიანი ანტიამერიკული დემონსტრაციები დასავლეთის სხვადასხვა ქალაქებში? ან რამდენად ღირს ამ ერთადერთი კრიტერიუმის საფუძველზე რომელიმე ქვეყნის ძლევამოსილების ან სისუსტის, ლეგიტიმურობისა ან უსამართლობის შესახებ მსჯელობა და მით უმეტეს, გრძელვადიანი პოლიტიკის დაფუძნება? ამერიკის დაისის კასანდრებს უკვე ბევრჯერ არ აუხდათ წინასწარმეტყველება. ახალ ამერიკულ საუკუნეს არაფერი სერიოზული არ ემუქრება. 
Post a Comment