11.04.2008

ახალი ვარშავის პაქტი?

როდესაც ნატოს გაფართოება მოხდა, ეს იყო ვირტუალური გაფართოება, ახალ წევრ ქვეყნებში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა თითქმის არ განთავსებულა. დღეს ეს ქვეყნები თავს დაუცველად გრძნობენ. მათ მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ნატო, მისი დღევანდელი მდგომარეობით, საკმარისი არაა ყველა ევროპული ქვეყნის უსაფრთხოების მოთხოვნილებების დასაკმაყოილებლად. ის გარანტიები, რომლებიც აკმაყოფილებს გერმანიას ან ბელგიას, აბსოლუტურად არასაკმარისია პოლონეთისა და ესტონეთისათვის.

მართალია, მაკეინიც და ობამაც მხარს უჭერს ნატოს მიერ ღია კარის პოლიტიკის გაგრძელებას და მასში ყველა იმ დემოკრატიული ქვეყნის მიღებას, რომელიც მზადაა დაიცვას თავისი და სხვების თავისუფლება. ორივე საპრეზიდენტო კანდიდატს საქართველოს და უკრაინის ნატოში სწრაფი ინტეგრაცია უნდა, მაგრამ მაკეინი მზადაა გაცილებით უფრო შორსაც წავიდეს და მოვლენათა არახელსაყრელი განვითარების შემთხვევაშ, ალტერნატიული სტრატეგიები განახორციელოს.

 8–8–8-ის მთავარი სამიზნე არა იმდენად საქართველო, მისი ტერიტორიული დანაწევრება, მისი სუვერენიტეტის ხელყოფა ან ხელისუფლების შეცვლა იყო, რამდენადაც დასავლეთის სიმტკიცის გამოცდა. ევროატლანტიკური თანამეგობრობის არსებული პოლიტიკა და მიდგომები ამ კრიზისის თავიდან ასაცილებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. კონსერვატორებს ეჭვი ეპარებათ, რამდენად საკმარისი იქნება უკვე აპრობირებული ინსტრუმენტები რუსეთის ავანტიურით გამოაშკარავებული სისუსტეების აღმოსაფხვრელად.

თუკი ძველი ევროპის ქვეყნები მზად არ იქნებიან რუსეთის მეზობლებთან უსაფრთხოების სფეროში ნატოს ფარგლებში გაღრმავებულ თანამშრომლობაზე, მაშინ მაკეინის პრეზიდენტობის შემთხვევაში, ეს თანამშრომლობა ორმხრივ ფორმატში შედგება.

შესაძლო ვარიანტებს შორის მაკეინის მრჩევლები საუბრობენ რუსული საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეყნებისათვის Major Non-NATO Ally (MNNA) სტატუსის მინიჭებაზე, ვარაუდობენ იმასაც, რომ ამერიკული ფარის ქვეშ ახალი ევროპის ქვეყნების მჭიდრო კოორდინაციამ შესაძლოა, ერთგვარი ახალი ვარშავის პაქტის სახეც მიიღოს.

ამერიკას შეუძლია, დაეხმაროს ახალ ევროპას, როგორც ის 80–იან წლებში ავღანელებს, ან 20–იან წლებში პოლონელებს ეხმარებოდა, მაგრამ სტინგერები და ჯაველინების ან თუნდაც პატრიოტების მიღებამდე თავად ეს ხალხები უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდონ საკუთარ ეროვნულ უსაფრთოებას.

ჯერ კიდევ ნაპოლეონი ამბობდა, რომ ყველა ერი განწირულია შეინახოს შეიარაღებული ძალები, არჩევანი მხოლოდ იმაშია, ვის ჯარს არჩენ – საკუთარს თუ დამპყრობლისას. დიდხანს ვერ გაგრძელდება ვითარება, როცა ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან მხოლოდ ბულგარეთი ხარჯავს მშპ–ს 2%–ზე მეტს, რუმინეთი თავდაცვაზე მხოლოდ - 1.9%–ს, პოლონეთი – 1.8%, ან როცა პოლონეთის 7.9 მილიონი ბრძოლისუნარიან მამაკაცთაგან ჯარში მხოლოდ 127,266 მსახურობს, ბულგარეთის 1.3 მილიონისგან 40,747, უნგრეთის 1.9 მილიონისგან – მხოლოდ 32,300, და ასე შემდეგ.

მაკეინისათვის ერთიანი და თავისუფალი ევროპის იდეა ცარიელი სიტყვები არაა, არამედ ატლანტიკური უსაფრთხოების სიტემის ქვაკუთხედია. ამიტომ მაკეინი ვერ შეეგუება იმას, რომ ამერიკის ეროვნული ინტერესები კიდევ ერთხელ შეეწიროს ძველი ევროპის ლიდერთა ახლომხედველ პოლიტიკას.

მას კარგად ახსოვს 3–ვე შემთხვევა, როცა ამერიკას გლობალურ კონფრონტაციაში ჩართვა მოუწია, კონფლიქტის ეპიცენტრი სწორედ ბალტიიდან შავ ზღვამდე სივრცე იყო, მიზეზი კი საკუთარსავე გეოპოლიტიკურ ინტრიგებში გახლართული ევროპული სახელმწიფოების ბოლომდე გაუთვლელი ნაბიჯები.

Post a Comment