11.04.2008

დემოკრატიათა ლიგა

მაკეინი მხარს უჭერს ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის – დემოკრატიათა ლიგის შექმნას, რომელმაც საშუალება უნდა მისცეს თავისუფალი მსოფლიოს რამდენიმე ათეულ სახელმწიფოს კოლექტიურად იმოქმედონ იქ, სადაც უშიშროების საბჭოს არადემოკრატიული მუდმივი წევრების ვეტოს გამო გაერო უძლურია რაიმე მოიმოქმედოს. ბუნებრივია, ამ გაერთიანების წევრი არც ჩინეთი და არც რუსეთი არ იქნება და ამ ახალი გაერთიანების მეშვეობით ამერიკას ახალ გამოწვევებზე პასუხის გაცემა გაუადვილდება.

გასული საუკუნის 40–იანი წლების შემდეგ, როცა საერთაშორისო პოლიტიკური და ფინანსური წესრიგის საფუძვლებზე გაეროსა და ბრეტონ ვუდსის სისტემებ წარმოიშვა, არ ყოფილა შემთხვევა, როცა ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნას პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარიდან ასეთი მხარდაჭერა ქონოდა. ლიბერალური ინტერნაციონალიზმისა და ნეოკონსერვატიული რეალიზმის კონვერგენცია დემოკრატიათა ლიგის საჭიროების ირიბ მოწმობად შეიძლება იყოს მიჩნეული.

მსგავს იდეას ამა თუ იმ ვარიაციით იზიარებენ ობამას მრჩეველი ივო დაალდერი, პრინსტონის უნივერსიტეტის ვილსონის სკოლის დეკანი ენ მარი სლაუტერი, ამერიკის იმპერიული ამბიციების კრიტიკოსი, ამავე უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ იკენბერი. თავად დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატს თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ გამოუხატავს. ევროპელ მომხრეთაგან შეიძლება გამოიყოს დანიის პრემიერი ანდერს რასმუსენი.

დემოკრატიათა კონცერტის შექმნის მცდელობა 90–იანი წლების ბოლოს მადლენ ოლბრაიტსაც ქონდა. თუმცა ამ გაერთიანების ზედმეტად ფართო ხასიათმა მის ეფექტურობაზე უარყოფითი გავლენა იქონია. 120 წევრიან თანამეგობრობაში დემოკრატიის ისეთი ფორპოსტებიც მოხვდნენ, როგორიცაა მაგალითად ეგვიპტე, კატარი, იორდანია. ამიტომ დღეს ამ წამოწყების აღორძინების მომხრეები უფრო მკაცრ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ ექსკლუზიური კლუბის შექმნას უჭერენ მხარს, რათა კიდევ ერთი ლიბერალური სალონი არ მიიღონ.

ახალი გაერთიანების კიდევ ერთი პოტენციური დაბრკოლება უკიდურესობამდე მისული დემოკრატიული მშვიდობის კანტიანური იდეაა. დემოკრატიული ქვეყნები არა მარტო არ ომობენ, არამედ მათ შორის წინააღმდეგობები იმდენადაა მოხსნილი, რომ სრული თანხმობა და ინტერესთა თანხვედრაა.

ერაყის ომთან და ნატოს ბუქარესტის სამიტთან დაკავშირებულმა პერიპეტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ეს ასე არაა. დემოკრატიულ ქვეყნებს შორის პერიოდულმა უთანხმოებებმა ამ ახალი ორგანიზაციის პარალიზებაც რომ არ გამოიწვიოს, საჭიროა, მასში ვეტოს უფლებით არავინ იყოს აღჭურვილი.

Post a Comment