11.04.2008

კრონ პრინცის არჩევანი

არისტოტელე ამბობდა, სიმამაცე პირველი სიქველეა, რომელიც ყველა სხვა სიქველეს შესაძლებელს ხდისო. ეს სიქველე მაკეინს გენეტიკურად მოსდგამს. მისი ოჯახი იმის განსახიერებაა, რასაც თომას ჯეფერსონი სათნოებისა და ტალანტის არისტოკრატიას უწოდებდა. ჯონ სიდნეი მაკეინ III–ის მამაც და ბაბუაც 4 ვარსკვლავიანი ადმირლები იყვნენ. მამა ჯონ სიდნეი მაკეინ უმცროსი ვიეტნამის ომის დროს წყნარი ოკეანის ფლოტის სარდალი იყო. ბაბუა ჯონ სიდნეი მაკეინ უფროსი - 3–ე ფლოტის შტაბის უფროსი; მას პატივი ერგო, იაპონიის კაპიტულაციის დროს მისურიზე იმ გემზე ყოფილიყო, სადაც გენერალმა დაგლას მაკარტურმა ამომავალი მზის იმპერიის კაპიტულაცია მიიღო.
ჯონ მაკეინი 1958–1981 წლებში ამერიკის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, იბრძოდა ვიეტნამის ომში, სადაც ტყვედ ჩავარდა და 19671973 წლები ჩრდილოეთ ვიეტნამის მთავარ სამხედრო საპყრობილეში, უსასტიკესი წამებით ცნობილ ჰოა ლოში გაატარა. ჰოა ლო ვიეტნამურად ჯოჯოხეთის ჯურღმულს ნიშნავს, ამერიკელები მას შავი იუმორით ჰანოი - ჰილტონის სახელით მოიხსენიებენ ხოლმე.
სანამ ვიეტნამელები აღმოაჩენდნენ, რომ მაკეინი ადმირალის შვილი იყო, მას საერთოდ არავითარ სამედიცინო დახმარებას არ უწევდნენ. მას შემდეგ, რც შეიტყვეს, თუ ვინ ჰყავდათ ტყვედ, კომუნისტებმა გადაწყვიტეს, პროპაგანისტული მიზნით, იგი ადრე გაეთავისუფლებინათ, მაგრამ "კრონ პრინცისგან" (ამ სახელით მოიხსენიებდნენ მაკეინს ვიეტნამელები) უარი მიიღეს – სამხედრო ტყვეებს თავისი ღირსების კოდექსი ჰქონდათ, რომლის მიხედვითაც, გათავისუფლება იმ რიგითობის მიხედვით უნდა მომხდარიყო, როგორც დატყვევება მოხდა. ამ არჩევანმა მაკეინს კიდევ 3 წელი ტყვეობა და თანამებრძოლთა შორის უდიდესი პატივისცემა მოუტანა.
მაკეინსა და თეთრი სახლის ამჟამინდელ ბინადარს შორის მთავარი განსხვავება ის კი არაა, რომ ერთი რეალურად იბრძოდა და მეორე ტეხასის ეროვნულ გვარდიაში მსახურობდა, არამედ მაკეინის უარი ადრეულ გათავისუფლებაზე, რომელსაც ვიეტნამელი კომუნისტები მამის გამო სთავაზობდნენ.
მაკეინი ჯარისკაცის ღირსებაზე ოჯახური წარმოდგენების ერთგული დარჩა. მ არჩევანმა მას კიდევ 3 წელი მომეტებული ტანჯვა–წამება მოუტანა. ჯორჯ ბუშისათის, თავის მხრივ, მის წარმომავლობას სარგებლის და უპირატესობის გარდა სხვა არაფერი მოუტანია. ეს, რა თქმა უნდა, მისი ნაკლი არაა. ბუშის ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა. ყველა, მაგრამ არა მაკეინი.
ომისა თუ მშვიდობის დროს, პარტიულ დაპირისპირებაზე ამაღლებული, სუფთა ამერიკული ფასეულობების მცველი ჯარისკაცის არქეტიპული პერსონაჟის როლს მაკეინი თითქმის იდეალურად ასრულებდა. როგორც ვიეტნამის ომის ტყვე, ის უნიკალურად შეესატყვისება ამ ომის შესახებ მის ქვეყანაში გაბატონებულ სტერეოტიპებს. ჰანოი ჰილტონში მის ტანჯვას მეტაფორული მნიშვნელობა ენიჭება.
ამერიკელთათვის მაკეინი მათი ცოდვებისთვის ვნებული გმირის სიმბოლო გახდა, რომელმაც შეერთებული შტატების შებღალული ღირსება პიროვნული მსხვერპლით გამოისყიდა. ამიტომაც არის, რომ არიზონას სენატორის მიმართ, მისგან იდეოლოგიურად აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანებსაც კი, უდიდესი პატივისცემა აქვთ. 
Post a Comment