11.04.2008

იმედის გამბედაობის ბუმერანგი

გამარჯვების შემთხვევაში ობამას კონგრესის ორივე პალატაში გაზრდილ მემარცხენე უმრავლესობასთან მოუწევს მუშობა. საკანონმდებლო ორგანოს სწორედ ასეთმა იდეოლოგიურიმა კომპოზიციამ კარტერს პოლიტიკური სამარე გაუთხარა, ხოლო კლინტონს კონსერვატიული ამერიკასთან კონტრაქტის მიღება აიძულა. კონგრესში საკუთარი თანაპარტიელების მოთოკვა რთული იყო ჯორჯ ბუშისთვისაც, რაც საბოლოო ჯამში მისი უპრეცედენტო არაპოპოლარულობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი გახდა.

გაპრეზიდენტების შემთხვევაში ზომიერება ობამასთვის მხოლოდ პოზა ვერ იქნება. უმცირესი დაბრკოლებების გზა ყოველთვის წარმატებისკენ არ მიდის. პრინციპული ცენტრიზმისათვის ერთგულება ილინოსი სენატორს აქამდე არასდროს დაუდასტურებია. პირიქით, უკვე მეორე წელია ობამა სენატის ყველაზე მემარცხენე წევრია. ობამას პოლიტიკური გარდასახვის ნამდვილი ფასი სწორედ მაშინ გაირკვევა, როცა პრეზიდენტის რანგში პირველი შეხება მოუწევს საკუთარივე პარტიის ამბიციურ კანონმდებლებთან, რომლებსაც პოლიტიკური რევანშის წყურვილი უკვე დიდი ხანია მოსვენებას არ აძლევს.

შურისძიება საუკეთესო მოკარნახე არაა, მაგრამ უაღრესად ტკბილი და მაცდური გრძნობაა. საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატების გამარჯვება მემარცხენე აქტივისტებში ენთუზიაზმის მოზღვავებას გამოიწვევს და 3 ათეული წელი კონსერვატორთა იდეოლოგიური პრიმატის შედეგების გადახედვის სურვილს გაამძაფრებს.

თუკი ობამა თანაპარტიელთა "იმედის გამბედაობას" ვერ დააოკებს, ბევრი ვარაუდობს, რომ მემარცხენე იდეოლოგიური გადამეტებით გამოწვეულმა საპასუხო რეაქციამ შესაძლოა, მის პრეზიდენტობას ბოლო მოუღოს მანამ, სანამ ის რამის მიღწევას შეძლებს. მეორეს მხრივ, პროგრესული იდეების განხორციელებაზე უარი ბაზის საგრძნობი ნაწილის ფრუსტრაციას გამოიწვევს.

მოვლენათა ასეთი განვითარების პირობებში 2010 წლის კონგრესის შუალედურ არჩევნებზე რესპუბლიკელებს საკანონმდებლო ორგანოს კონტროლის დაბრუნების სერიოზული შანსი შეიძლება გაუჩნდეთ. 1994 წლის ნიუტ გინგრიჩის რევოლუცია სწორედ მსგავს ვითარებაში მოხდა.

Post a Comment