11.04.2008

სანტა კლაუსის საგადასახადო პატრიოტიზმი

ობამას მომხრეებს მიაჩნიათ, რომ გადასახადები საზოგადოების წევრობის ნიშანია, რომ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ გაჭირვებულთა დახმარება ზოგჯერ მხოლოდ ამერიკის მთავრობას შეუძლია, სახელმწიფო კი გადასახადის გადამხდელთა ფულის გარეშე თავად ვერაფრის გაკეთებას შეძლებს, ამიტომ, როგორც ჯო ბაიდენმა განაცხადა, გადასახადების გადახდა თითოეული მოქალაქის პატრიოტული ვალია. კონსერვატორებს ასეთი მსოფლმხედველობა არაამერიკულად მიაჩნიათ - ფუძემდებელ მამებს პატრიოტიზმი განსხვავებულად ესმოდათ და ბოსტონის ჩაის სმა სწორედ რომ მაღალ გადასახადებს მოყვა.
100 ცნობილი ეკონომისტის, მათ შორის 5 ნობელის პრემიის ლაურეატის: გარი ბეკერის, ჯეიმს ბიუქენენის, რობერტ მუნდელის, ედუარდ პრესკოტის და ვენრონ სმიტის კვალდაკვალ რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებს, რომ ეკონომიკური კრიზისის დროს გადასახადების გაზრდისა და საერთაშორისო ვაჭრობისთვის დამატებითი ბარიერების შექმნით, ობამა ჰერბერტ ჰუვერის გზას იმეორებს, რომლის მცდარი პოლიტიკის გამო, ამერიკა დიდ დეპრესიაში ჩავარდა. მაკეინის აზრით, მისი ოპონენტი ბიზნესის მიმართ ყველაზე ნაკლებ მეგობრული კანდიდატია, ვინც კი დემოკრატიულ პარტიას ათეული წლების მანძილზე ყოლია.
კონსერვატორები ამბობენ, რომ პრეზიდენტი ობამას ბევრი მომხრისათვის არა მხოლოდ და არა იმდენად აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია, არამედ, პირველ რიგში, სოციალური უზრუნველყოფის სუპერ–მინისტრი.
თუ კი რესპუბლიკელი კელვინ კულიჯი და დემოკრატი ჯონ კენედი თანამოქალაქეებს მოუწოდებდნენ, ეკითხათ არა ის, რას გაუკეთებს ქვეყანა მათ, არამედ ის, თავად რას გაუკეთებენ ქვეყანას, დღევანდელ ეგოცენტრული ჰედონიზმის კულტურაში გაწყობები საგრძნობლად შეცლილია. საყოველთაო კეთილდღეობამ ადამიანი მიაჩვია იმაზე ფიქრს, თუ რა ვალდებულებები აქვს ქვეყანას მის წინაშე, მაგრამ წაართვა იმის განცდის უნარი, რომ თავადაც მართებს რაღაც მსხვერპლის გაღება.
მემარცხენეთათვის მთავრობა ერთგვარი სანტა კლაუსია, რომელსაც ბედმა არგუნა, განახორცილოს სხვა არანაკლებ ცნობილი წვერებიანი არსების მიერ "გოთას პროგრამის კრიტიკაში" ჯერ კიდევ 1875 წელს წამოყენებული იდეალი "თითოეულისაგან შესაძლებლობისამებრ და თითოეულს საჭიროებისამებრ". თუკი იმას გავითვალისწინებთ, რომ 44–ე პრეზიდენტი იქნება პირველი, რომელსაც ყოველწლიურად ტრილიონ დოლარზე მეტის ხარჯვის შესაძლებლობა ექნება, სანტა კლაუსის როლის შესრულება მას ნამდვილად შეეძლება. ოღონდ, სანტა კლაუსისგან განსხვავებით, მთავრობა ვერავის ვერაფერს ისე ვერ მისცემს, ვიდრე სხვას არ წაართმევს. 
Post a Comment