11.04.2008

მთაზე მოელვარე ქალაქი

როცა 1982 წელს ვესტმინსტერში, თემთა პალატაში გამოსვლისას რეიგანი აცხადებდა, რომ "თავისუფლება და დემოკრატია მარქსიზმ-ლენინიზმს ისტორიის სანაგვეში გაისტუმრებსო", ეს არა მხოლოდ დალასისეული უკუქცევის დოქტრინის რეინკარნაცია იყო, არამედ დასავლური იდეებისა და ცხოვრების წესის უპირატესობის მტკიცე რწმენის განაცხადი.
რეიგანს სწამდა, რომ ამერიკას მსოფლიოსათვის "მთაზე მოელვარე ქალაქის" როლი უნდა შეესრულებინა. დამოუკიდებლობის დეკლარაციის თავისთავადი ცხადი ჭეშმარიტებაა, რომ ყველა ადამიანი თანასწორად არის შექმნილი და რომ სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერების ძიების განუყოფელი უფლება მხოლოდ შეერთებული შტატების მოქალაქეებით არ შემოიფარგლებიდა.
ეს რწმენა აძლევდა მემარცხენე სნობების მიერ "სანდომიან სულელად" მონათლულ რეიგანს იმის ძალას, რომ დაენახა ის, რასაც "ობიექტური მეცნიერული კანონზომიერებებისა" და "ისტორიის უპიროვნო ძალების" სწავლული სპეციალისტები ვერ ამჩნევდნენ – რომ უძლეველი იმპერია სინამდილეში თიხისფეხება კოლოსი იყო. არადა, 80–იან წლებში დასავლეთის პოლიტიკურ, აკადემიურ, სამხედრო და ბიზნეს წრებში უმრავლესობა უკვე შეგუებული იყო იმას, რომ საბჭოთა კავშირი მარადიული თუ არა, არანაკლებ მყარი იყო, ვიდერე შეერთებული შტატები.
II მსოფლიო და ცივი ომების დასრულების შემდეგ, გლობალურ ძალთა ბალანსის შეცვლა დემოკრატიულ სახელმწიფოთა სასარგებლოდ, ჯერ დასავლეთ და შემდეგ აღმოსავლეთ ევროპაში ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის ტრიუმფის საწინდარი გახდა. 
Post a Comment