11.04.2008

იდეალისტური რეალიზმი

რეიგანის კვალდაკვალ მაკეინი ამომრჩეველს იდეალისტური რეალიზმის საგარეო პოლიტიკის გატარებას პირდება – მას სჯერა, რომ ამერიკულ იდეებს მსოფლიოს ტრანსფორმაციის უნარი შესწევს, რომ შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესები მოითხოვს ლიბერალური დემოკრატიისა და თავისუფალი ბაზრის გაძლიერებას როგორც ამერიკის შიგნით, ისე მთელს მსოფლიოში. მაკეინმა იცის, რომ გაბედულებისა და ურყევი ნების დემონსტირირების გარეშე ამერიკული იდეალები მიუღწეველ ოცნებებად დარჩება .

ცივილიზებულ ერებს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების წარმართვისთვის, "შეერთებული შტატების პოლიტიკისა და მის საფუძველში მყოფი ფასეულობების ლეგიტიმურობის მეშვეობით სხვათა მოზიდვის უნარს" დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ველური სახელმწიფოებისათვის "რბილი ძალა" სასაცილო ოქსიმორონია. კეთილ ნებაზე საუბარში ისინი სისუსტეს ხედავენ, კომპრომისისათვის მზაობა მათთვის გაუბედაობის ნიშანია, დიალოგისათვის გახსნილობა – საკუთარი ავანტიურების განხორციელების იდეალური შანსი.

მაკეინმა იცის საერთაშორისო ალიანსების მნიშვნელობა, მაგრამ კარგად ესმის, რომ ზოგჯერ თუ ამერიკა ყოყმანს დაიწყებს, ცალმხრივად და გადაჭრით არ იმოქმედებს და ძველი ევროპის შემხედვარე იქნება, კრიზისი შეიძლება გამოუსწორებელ კატასტროფად იქცეს. ამიტომ წინმსწრები შეტევისა და სამხედრო ძალის გამოყენებისათის მას უფრო ფართო კრიტერიუმები ექნება, ვიდრე მის დემოკრატ ოპონენტს.

მაკეინი ხედავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციათა არსებული ინსტიტუციური არქიტექტურა, რომელიც არსებითად გასული საუკუნის პირველი ნახევრის ბოლოს ჩამოყალიბდა, გარკვეულწილად მოძველდა და ვერ ახერხებს თანამედროვე გამოწვევებზე ადევატურ რეაგირებას. აღსანიშნავია, რომ 261 შემთხვევიდან, როცა გაეროს მუდმივმა წევრმა ვეტო გამოიყენა, 244 1995 წლამდე მოხდა.

ამერიკასა და რუსეთს შორის დაძაბულობის განახლებასთან ერთად გაერო ცივი ომის დროინდელ პარალიზებულ მდგომარეობას უბრუნდება. მაკეინს კარგად ესმის, რომ პუტინის ან ახმადინეჯადის აგრესიულ გეგმებს მხოლოდ დღეს არსებული საერთაშორისო ორგანიზაციები ვერ შეაჩერებენ.

Post a Comment