11.04.2008

ხმებზე ნადირობის ეროვნული თავისებურებანი

მას შემდეგ რაც რესპუბლიკელთა წარმატებული პოლიტიკის შედეგად რასობრივი უთანასწორობის პრობლემამ უწინდელი აქტუალობა დაკარგა, დემოკრატები აქტიურად ილაშქრბენ "კოდირებული" რასიზმის ქარის წისქვილების წინააღმდეგ. საზოგადოებას აქტიურად უნერგავენ აზრს, რომ რასისტული გადმონაშთების გამო ობამამ შეიძლება მარცხი განიცადოს – აბა სხვა რა მოტივი შეიძლება ქონდეს ამომრჩეველს, რომელიც სრულქმნილ არსებას მხარს არ დაუჭერს. ამიტომ სანამ დემოკრატები საკუთარი მივიწყებული ტრადიციების სკივრს გახსნიან და იქიდან ლინჩის სასამართლოს ამოიღებენ, ყველა უნდა დაირაზმოს და როგორც ერთმა ხმა "იმ ერთს" მისცეს.

ობამა მაქსიმალურად ცდილობს, გაუადვილოს მერყევ ამომრჩეველს მის სასარგებლოდ ხმის მიცემა. ბოლო 10 საპრეზიდენტო არჩევნებში ყოველთვის ბიზნესის, რელიგიისა და საშუალო კლასის მეგობარი რეპუტაციის მქონე რესპუბლიკელები იმარჯვებდნენ. დემოკრატებმა მხოლოდ 2–ჯერ (ჯიმი კარტერი და ბილ კლინტონი) შეძლეს გამარჯვება, მაშინ, როცა მათი კანდიდატი ზომიერ ცენტრისტად აღიქმებოდა და არა ელიტისტად და მემარცხენე რადიკალად.

ამიტომ ობამა ცდილობს ახალი იმიჯის კულტივირებას – საუბრობს ღმერთსა და ამერიკელთა 95%–ისთვის გადასახადების დაწევაზე, იარაღის ტარების უფლებასა და აბორტის შემცირების აუცილებლობაზე. მისი ოპონენტები სიტყვასა და საქმეს შორის სხვაობაზე მიუთითებენ და ოპორტუნიზმზე საუბრობენ. საკვანძო კენჭისყრების დროს ობამა ძირითადად თავს იკავებდა, არ რისკავდა, რომ მომხრე ან წინააღმდეგ მიცემული ხმით ვინმე გაენაწყენებინა. იგი არასდროს დაპირისპირებია საკუთარ პარტიას ან მის უკან მდგარ ლობისტურ ჯგუფებს. ობამას თანხვედრა საკუთარ პარტიასთან 97%–ია, მაკეინის 90%. 

Post a Comment