11.04.2008

დეიდეოლოგიზაცია

ვიეტნამის ომის შედეგად ამერიკა იდოლოგიური გახლეჩის საფრთხის წინაშე იდგა – ზოგისთვის მორალური იმპერატივი კომუნისტური ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლა იყო და ზოგისთვის ამერიკის იმპერიალისტური ომების შეჩერება. რიჩარდ ნიქსონი და ჰენრი კისინჯერი ამ კრიზისიდან გამოსავალს საგარეო პოლიტიკის დეიდეოლოგიზაციაში ხედავდნენ. ისინი საერთაშირისო ურთიერთობებს მორალურ განზომილებისაგან დამოუკიდებლად აღიქვამდნენ და ამერიკის საგარეო პოლიტიკას პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე წარმართავდნენ. საერთაშორისო ურთიერთობებში იდეოლოგიის ფრჩხილებს გარეთ გატანა უნდა გამხდარიყო ზესახელმწიფოთა შორის "მორალური კონსენსუსის" საფუძველი.
კისინჯერის აკადემიური ინტერესის ცენტრალური თემა 19–ე საუკუნის ევროპული დიპლომატია და უპირველეს ყოვლისა, თავადი კლემენტ მეტერნიხის პოლიტიკა იყო. კისინჯერის რეალიზმის მთავარი პრობლემა არა მისი ამორალურობა, არამედ მისი სციენტიზმია, უფრო ზუსტად კი ბუნებისმეტყველებისათვის დამახასიათებელი მიდგომების საზოგადოებრივ მეცნიერებებზე გავრცელება. საბოლოო ჯამში, დიპლომატიის კისინჯერისეული მეცნიერება არამეცნიერულია, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ დიპლომატიას უფრო მეტი აქვს საერთო ხელოვნებასთან, ვიდრე მეცნიერებასთან.
როგორც მაქს ვებერი გვასწავლის, ნებისმიერი მეცნიერება ფასეულობათაგან თავისუფალი უნდა იყოს. შესაბამისად, კისინჯერის აზრით, საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერული გაგებაც ზუსტად ისევე უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ კანონებს და არა სუბიექტურ განწყობებს, როგორც მაგალითად ფიზიკა.
საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი სახელმწიფოებია, ისევე როგორც ფიზიკური სამყაროს – ელემენტარული ნაწილაკები. როგორც ფიზიკური მოვლენები ამ ნაწილაკების ურთიერთქმედებით არის განპირობებული, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების ამოსავალი წერტილი სახელმწიფოები და მათი ეროვნული ინტერესებია. მორალს აქ ისევე არაფერი ესაქმება, როგორც რელიგიას ფიზიკის შემთხვევაში. 
Post a Comment