11.04.2008

პეპლის ეფექტი

რა თქმა უნდა, ვერც რუსეთი და ვერც რომელიმე სხვა ქვეყანა და ვერც თუნდაც მთელი მსოფლიო ერთად აღებული ამერიკას პირდაპირ გამოწვევას ვერ ესვრის, მაგრამ თუკი რუსეთს ეს აგრესია შერჩება, ამას შორსმიმავალი შედეგები შეიძლება ჰქონდეს. დღეს ჯონ ბოლტონი კაშხალში გაჩენილ ნაპრალებზე საუბრობს, ადრე ამას დუაიტ აიზენჰაუერი დომინოს თეორიას ეძახდა. თუკი ბოლო 20 წლის განმავლობაში პოსტ–საბჭოთა სივრცეში მოსკოვის გავლენის ზრდას დასავლეთი უფრო სენტიმენტალური მოსაზრებებით ეწინააღმდეგებოდა, რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ ეს მიზეზები უფრო გამოკვეთილად გეოპოლიტიკური ხასიათის გახდა.

რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში პუტინი ისტორიას ვერ შეაბრუნებს, მას შეუძლია, მხოლოდ დროებით შეაყოვნოს ის, რაც გარდუვალია. რუსულ ჯარს გაცილებით უფრო დიდი ევროპული ქალაქებიდან მოუწია გასვლა და ადრე თუ გვიან, მას სოხუმისა და ცხინვალის, გაგრისა და ჯავის დატოვება ისევე მოუწევს, როგორც თავის დროზე ბერლინისა და ვარშავის, პრაღისა და ბუდაპეშტის დატოვება მოუწია. მაგრამ ის, რომ ოკუპანტები ქართულ მიწაზე იმყოფებიან, მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს – შერიფი ქალაქში არ არის, საერთაშორისო ავაზაკები დაუსჯელად თარეშობენ, კანონმორჩილმა მოქალაქეებმა საკუთარ უსაფრთხოებაზე უფრო მეტი უნდა იზრუნონ.

თუკი საერთაშორისო სამართალი ასე დაუსჯელად შეიძლება დაირღვეს, და მსოფლიო წესრიგს ზურგს არაფერი უმაგრებს, მაშინ ჯაჭვური რეაქციის სახით არა მხოლოდ რუსეთი, არამედ სხვა არაერთი ველური რეჟიმი შეიძლება აღმოჩნდეს ცდუნების წინაშე, რომ იგივე გაიმეოროს, იმ გათვლით, რომ თავისუფლების ჩახშობაზე ამერიკა უაღრესად სწორ განცხადებებს გააკეთებს, მაგრამ არსებითად არაფერს მოიმოქმედებს. მეორეს მხრივ, ბუფერული სახელმწიფოების ლიდერები აღარ გარისკავენ, რომ ყველა ფსონს დასავლეთზე ჩამოვიდნენ და ბალანსირებას დაიწყებენ. იულია ტიმოშენკოს დრეიფი რუსეთისაკენ და განხეთქილება ნარინჯისფერ კოალიციაში ამ პრობლემის ნათელი ილუსტრაციაა.

რუსეთისა და დასავლეთის ტექტონური პლიტების გამყოფი ხაზი დღეს მოშიშვლებულია და მის დაცვაზე უარით ეს ხაზი კი არ გაქრება, არამედ შეჯახება მოხდება. ცივი ომის დროს ევროპას გეოპოლიტიკური შეჯახებისაგან ამერიკული ჯარი იცავდა, რომელიც იდგა იქ, სადაც მაშინ გადიოდა თავისუფალი სამყაროს საზღვრები – გახლეჩილი გერმანიის შუაგულში. დღეს გერმანიის ბედში პატარა საქართველოა, ხვალ იგივე საფრთხე უკრაინას შეიძლება დაემუქროს.

აღმოსავლეთ ევროპაში ძალის ვაკუუმი დიდხანს ვერ იარსებებს, მას ან დასავლეთი შეავსებს ან რუსეთი, მანამდე კი რეგიონი გეოპოლიტიკური ტურბულენტობისაგან თავის დაღწევას ვერ შესძლებს. 8–8–8 რუსეთი კლასიკური Machtpolitik –ის ლოგიკით მოქმედებებდა. მის ავანტიურას პასუხი ამავე ენაზე თუ არ გაეცემა, ამას მსოფლიო წესრიგისათვის შორსმიმავალი შედეგები შეიძლება ჰქონდეს.

როგორც ედუარდ ლორენცი გვასწავლის, ქაოტურ სისტემებში ბრაზილიაში პეპლის ფრთის გაქნევა ტეხასში ტორნადოს იწვევს. შესაძლოა, ცალკე აღებულ არცერთ ამ ქვეყანას ამერიკის ეროვნული ინტერესებისათვის პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, ზოგჯერ დიდი კონფლიქტები სწორედ ასეთ მეათეხარისხოვან ადგილებში ვინმე პრინციპის საბედისწერო გასროლით იწყებოდა ხოლმე.
Post a Comment