11.04.2008

ეკონომიკური რეცეპტები

ეკონომიკა 2–ვე საპრეზიდენტო კანდიდატის რეზუმეს სუსტი წერტილია. არც ერთს არა აქვს კონკრეტული ხედვა, რომელიც ამერიკის არსებული ფინანსური კრიზისიდან სწრაფ გამოყვანას უზრუნველყოფს და მის გლობალურ კონკურენტუნარიანობას გააუმჯობესებს. ამიტომ ეკონომიკური ცოდნის დეფიციტის პირობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა კანდიდატთა იდეოლოგიურ ინსტინქტებს ენიჭება.

მაკეინი შემცირებული გადასახადებისა და შეკვეცილი საბიუჯეტო ხარჯების, დერეგულირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ტრადიციულ კონსერვატიულ რეცეპტს იძლევა. მას უნდა კონკურენციისა და არჩევანის საბაზრო პრინციპების დანერგვით გარდაქმნას ჯანდაცვისა და განათლების სისტემები.

პრაიმერიზების დროს, როცა ჰილარი კლინტონის დასამარცხებლად მემარცხენეთა რადიკალური ბაზის მხარდაჭერა ესაჭიროებოდა, ობამა ბევრს საუბრობდა მდიდრებისათვის გადასახადების მომატებაზე, პროფკავშირების გაძლიერებაზე, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გადახედვაზე. ნომინაციის განაღდების შემდეგ მან არაერთ ადრინდელ პოზიციას საარჩევნო კამპანიებისათვის დამახასიათებელი გადახურებული და გაზვიადებული რიტორიკის მაგალითი უწოდა.

როგორი კორექტირებაც არ უნდა განიცადოს ობამას შეხედულებებმა, მაღალი ალბათობით შეიძლება დავასკვნათ, რომ თუ თეთრ სახლში და კაპიტოლიუმში დემოკრატები იქნებიან ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისას საქართველო მეტ სირთულეებს წააწყდება.

ამჟამად თავისუფალ ვაჭრობას ამერიკელთა ნახევარზე ცოტა ნაკლები უჭერს მხარს, ხოლო ნახევარზე ცოტა მეტს მიაჩნია, რომ თავისუფალი ვაჭრობის შედეგად ამერიკა სამუშაო ადგილებს კარგავს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ დემოკრატები ერთდროულად საკუთარი იდეოლოგიური პრეფერენციებისა და საზოგადოებრივი განწყობის წინააღმდეგ წავიდნენ, განსხვავებით რესპუბლიკელებისაგან, ვისთვისაც თავისუფალი ვაჭრობა მათი ეკონომიკური ფილოსოფიის საკვანძო პრინციპს წარმოადგენს.

ხარჯვითი პროგრამების შემცირება, როგორც წესი, არაპოპულარული და პოლიტიკურად სარისკოა – თითოეულ ასიგნებას მოსარგებლეთა თავისი წრე ყავს, რომელთა განაწყენებას ნებისმიერი არჩევითი თანამდებობის პირი გაურბის. მაკეინი ხარჯების არსებულ დონეზე გაყინვასა და დაჯავშნული ასიგნებების გაუქმებაზე საუბრობს, მაგრამ სააბოლოო ჯამში თავისი საბიუჯეტო პრიორიტეტების დეტალების გამომზეურებას 2–ვე კანდიდატი გაურბის.

მეტი კონკრეტიკა ჯო ბაიდენის შემოთავაზებებშია – ის საგარეო დახმარების შეკვეცაზე საუბრობს. საგარეო დახმარების მოსარგებლეები მეტწილად ამერიკულ არჩევნებში ხმის უფლებით აღჭურვილნი არ არიან, ამიტომ ამ პროგრამის შემცირება პოლიტიკურად ძვირი არაა, მაგრამ ბაიდენის ფინანსური იზოლაციონიზმი ამერიკის საერთაშორისო როლის შესუსტების მიზეზი შეიძლება გახდეს. მსოფლიო სცენიდან შეერთებული შტატების უკან დახევამ სახიფათო ვაკუუმი შეიძლება შექმნას. 

Post a Comment