11.04.2008

რესპუბლიკური ალტერნატივები

რესპუბლიკელების შემთხვევაში შიდაპარტიული კონკურენცია დღეს ძირითადად ნეო-კონსერვატორებსა და რეალისტებს შორის მიმდინარეობს, თუმცა ერთგვარი იდეოლოგიური ატავიზმის სახით იზოლაციონისტური მიმდინარეობაც არის შემორჩენილი, რომელიც ძირითადად ლიბერტარიანელებისა და პალეოკონსერვატორების საგარეო პოლიტიკური ფილოსოფიაა.
გლობალურ პოლიტიკაში ამერიკის პირველი განაცხადი თეოდორ რუზველტს უკავშირდება. ისაუბარე რბილად, მაგრამ თან ატარე დიდი კომბალი – ასე გამოხატა მან თავისი საგარეო პოლიტიკური ფილოსოფია. ზღვებზე დომინირებას ამერიკის სავაჭრო ინტერესებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდა, მაგრამ რუზველტისთვის ინტერვენციონიზმი პრაგმატულ მოსაზრებებთან ერთად სუფთა იდეოლოგიური იმპერატივებითაც იყო განპირობებული. მისთვის ზესახელმწიფოს სტატუსი დემოკრატიის ამერიკული ექსპერიმენტის დადასტურებას და მისი უნიკალურობის მოწმობას წარმოადგენდა.
თუკი რამ აერთიანებს რესპუბლიკელთა სხვადასხვა საგარეო პოლიტიკურ მიმდინარეობებს, ეს უპირველეს ყოვლისა, ღრმა ევროსკეპტიციზმია. მათთვის ამერიკის საგარეო ინტერესების სფერო ატლანტიკით არ შემოიფარგლება. საზღვაო ძალის თეორიების გავლენის ქვეშ მყოფი რუზველტისათვის წყნარი ოკეანე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, რასაც თუნდაც პანამის არხის მშენებლობა მოწმობს. რუზველტი იყო ნობელის პრემიის ლაურეატი პირველი ამერიკელი, რომელმაც ჯილდო რუსეთ–იაპონიის ომის დროს სამშვიდობო მოლაპარაკებათა ორგანიზებისათვის მიიღო.
მეორე მიმდინარეობა ჰენრი კებოტ ლოჯის სახელს უკავშირდება და ერთა ლიგის ოპოზიციიდან იღებს სათავეს. მასაჩუსეტსელი სენატორს აუცილებლად მიაჩნდა ძველი კონტინენტისგან დისტანცირება და თვლიდა, რომ ევროპულ ინტრიგებში ჩაბმულ ამერიკას კიდევ ერთ ომში ჩათრევა არ აცდებოდა.
ამასთან ლოჯი სულაც არ იყო იზოლაციონისტი, პირიქით, მისთვის ამერიკის ძალისა და გავლენის გამოყენება თავისუფლებისთვის მებრძოლი სხვა ხალხების დასახმარებლად შეერთებული შტატების მორალურ ვალდებულებას წარმოადგენდა. ლოჯი აქტიურ საერთაშორისო ურთიერთობებს კი არ ეწინააღმდეგებოდა, მას უბრალად მიაჩნდა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა შეერთებული შტატების სუვერენიტეტის ეროზიას გამოიწვევდა და მისი მოქმედების თავისუფლებას შეზღუდავდა.
რესპუბლიკელთა საგარეო პოლიტიკურ ფილოსოფიას მორალიზმი გამჭოლ ხაზად გასდევს. სწორედ ტოტალიტარული ბოროტებისადმი წინააღმდეგობის გაწევის მორალური ვალდებულების გრძნობა, მიუხედავად ევროპისადმი ღრმა უდნობლობისა, იყო ძველი კონტინენტისადმი მათი გაზრდილი ინტერესის მიზეზი. მსოფლიო ომის საშინელებებმა ეს გრძნობა კიდევ უფრო გაამძაფრა.
რესპუბლიკელთა პასიონარული ანტიკომუნიზმი უპირისპირდებოდა დემოკრატების შეკავების დოქტრინას და ამერიკის ამოცანად აღმოსავლეთ ევროპის გათავისუფლებას მიიჩნევდა. ჯონ ფოსტერ დალასი საგარეო პოლიტიკის აუცილებელ ხელოვნებად უფსკრულის ზღვარზე ბალანსირების უნარს მიიჩნევდა. ვინც ამ ხელოვნებას ოსტატურად არ ფლობს, ის აუცილებლად ომში იქნება ჩათრეული, ვინც უკიდურესობამდე მისვლას მოერიდება, ის წაგებული დარჩება.
სამწუხაროდ, 50 წლებში ამერიკის საგარეოპოლიტიკური თეორია და პრაქტიკა ერთმანეთისგან დაშორებული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ დალასი უკუქცევის პოლიტიკას ქადაგებდა, რეალურად შეერთებული შტატები მაინც შეკავების დოქტრინას მისდევდა.
ეს გაორება 1956 წელს საკუთარ თავზე მწარედ გამოცადეს უნგრელებმა, რომლებიც ამაოდ ელოდნენ დასავლეთისაგან სამხედრო დახმარებას, როცა რუსულმა ჯარმა მათი აჯანყება სისხლში ჩაახშო. სუეცის კრიზისი უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის თავისუფლება. უნგრეთმა დატოვა ვარშავის პაქტი და ფიქრობდა, რომ ნეიტრალიტეტის გამოცხადებით რუსულ აგრესიას თავიდან აიცილებდა, მაგრამ როგორც ჯოჯრ კენანმა ზუსტად აღინიშნა, რუსეთს მის მეზობლად მხოლოდ მტრები ან მონები სჭირდება.
ნეიტრალიტეტი ის ძვირადღირებული ფუფუნებაა, რომლითაც ნებივრობის უფლებას რუსეთის პატარა მეზობლები მოკლებულები არიან. ეს არჩევანი მათ უბრალოდ არა აქვთ – სახელმწიფომ შეიძლება ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს საგარეო პოლიტიკაში, მაგრამ საკუთარი ყოფნა–არყოფნისადმი ვერც ერთი ქვეყანა ნეიტრალური ვერ იქნება. ასეთი "ნეიტრალობა" სხვა არაფერია თუ არა გეოპოლიტიკური ევთანაზია.
Post a Comment