11.04.2008

არასაჭირო ჰიპოთეზა

თავის დროზე ნაპოლეონსა ლაპლასს შორის შემდგარი დიალოგისას, იმპერატორის კითხვაზე, თუ რატომ არ იყო ზეციური მექანიკის წიგნში თუნდაც ერთხელ მოხსენიებული ღმერთი, დიდმა ასტრონომმა განაცხადა – რომ ასეთი ჰიპოთეზა მას არ დასჭირვებია. რაზედაც ნაპოლეონმა უპასუხა, რომ ეს შესანიშნავი ჰიპოთეზა იყო, რომელსაც ბევრი რამის ახსნა შეეძლ.
კისინჯერის მეცნიერული თეორიიდან გამორჩენილია ადამიანი და მისი თავისუფალი ნება, რომელიც არ გააჩნია ვაშლს, რომელიც გრავიტაციის კანონის შესაბამისად ნიუტონს თავში ეცემა. ადამიანის მოქმედება ყოველთვის არის არჩევანი, და ამ არჩევანს მისი ფასეულობათა სისტემა განაპირობებს. როდესაც არისტოტელეს მოძღვრების საწინააღმდეგოდ, გალილეო გალილეის მიერ პიზას კოშკიდან გადმოყრილი სხვადასხვა მასის ბურთები დედამიწაზე ერთდროულად ეცემოდნენ, ამ მოვლენის აღწერა სხვაგვარად, თუ არა ფასეულობებისაგან თავისუფალი ობიექტური კანონების მეშვეობით, შეუძლებელია.
მაგრამ ის, რომ 1633 წელს წმინდა ინკვიზიციამ დაადგინა, რომ რადგან გალილეიმ ვერ შესძლო "ეჭვს მიღმა" დაემტკიცებინა, რომ დედამიწა მზის ირგვლივ ბრუნავს და ამიტომ მისი ჰელიოცენტრისტული მოძღვრება მწვალებლურია, ან ის, რომ, 359 წლის შემდეგ პონტიფიკალურ მეცნიერებათა აკადემიის საგანგებო კომიტეტმა დაადგინა, რომ წმინდა ინკვიზიცია მართალია კეთილსინდისიერად მოქმედებდა, მაგრამ შეცდომა დაუშვა, რის შედეგადაც იონე პავლე მეორემ გალილეის რეაბილიტაცია მოახდინა, ვერანაირი ობიექტური "მეცნიერული" კანონებით ვერ აიხსნება, თუკი იმ საზოგადოებების ფასეულობებს არ გავითვალისწინებთ, რომელშიც ეს ადამიანები მოღვაწეობდნენ.
საერთაშორისო ალიანსებისა და ორგანიზაციებისადმი რეალისტებისა და ინტერნაციონალისტების მიდგომა მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. რეალისტები საერთაშორისო ორგანიზაციებს საჭიროდ მიიჩნევენ იმდენად, რამდენადაც მათი მეშვეობით ამერიკის ეროვნული ინტერესების გატარებაა შესაძლებელი, მაშინ როცა ინტერნაციონალისტებისათვის ეს გაერთიანებები თავისთავად ღირებულებასა და მსოფლიო მშვიდობის შეუცვლელ გარანტიას წარმოადგენენ. რეალისტური საგარეო პოლიტიკის კულმინაცია საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ კომუნისტურ ჩინეთთან გაფორმებული არაფორმალური ალიანსი იყო. სხვა შემთხვევებში ნიქსონისა და კისინჯერის დიპლომატიის წარმატებები ბევრად უფრო საკამათოა.
დეტანტის მითს საფუძვლად ედო ჰიპოთეზა, რომ ამერიკის მხრიდან დაძაბულობის განსამუხტავად გადადგული ნაბიჯების შედეგად, რუსეთის მხრიდანაც შემხვედრ მოძრაობას ექნებოდა ადგილი და საბჭოთა კავშირი რევიზიონისტურიდან სტატუს–ქვოს დამცველ სახელმწიფოდ გადაიქცეოდა. ამერიკის საგარეო პოლიტიკის დეიდიოლოგიზაციას რუსეთშიც მსგავსი პროცესი მოყვებოდა, რასაც საბოლოო ჯამში ვენის კონგრესის მსგავსი სისტემის შექმნა უნდა გამოეწვია. კისინჯერის მეცნიერული თეორიის ემპირიული ფალსიფიკაცია 70–ინ წლებშივე საბჭოთა კავშირმა მოახდინა.
კისინჯერის მოლოდინების საწინააღმდეგოდ საბჭოთა საგარეო და საშინაო პოლიტიკაში დეიდეოლოგიზაციის ნაცვლად მკვეთრი რეიდეოლოგიზაცია მოხდა. დეტანტზე კრემლის პასუხი მესამე სამყაროს ქვეყნებში კომუნისტური ექსპანსიის ახალი ტალღა იყო, რომელმაც სამხრეთ ვიეტნამი, კამბოჯა, ლაოსი, ანგოლა, ეთიოპია, მოზამბიკი მოიცვა, ხოლო რკინის ფარდის შიგნით კი დისიდენტების დევნის ახალი კამპანია და სტალინის რეაბილიტაცია გამოიწვია
Post a Comment