11.04.2008

თავისუფალი სამყაროს ლიდერი

ყოველი ნაკიანი წლის ნოემბრის პირველ სამშაბათს ამერიკელები არა მხოლოდ შეერთებული შტატების პრეზიდენტს, არამედ თავისუფალი სამყაროს ლიდერს ირჩევენ. საკუთარი არჩევანის გაკეთებისას, ამერიკელი ამომრჩევლები დღეს უკვე ნაკლებად ითვალისწინებენ თავისი გადაწყვეტილების ამ ასპექტს, მაგრამ ერთი რამ უდავოა: ის, თუ რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს შეერთებული შტატების მოქალაქეთა უმრავლესობა, მეტწილად განაპირობებს, თუ რამდენად შეინარჩუნებენ საქართველო და მისი მსგავსი ქვეყანები თავისუფლებას, რამდენად დაცული იქნება მათი ეროვნული უსაფრთხოება.
მართალია, ტერმინი "თავისუფალი სამყარო" ცივი ომის შემდეგ იშვიათად გამოიყენებოდა, მაგრამ რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ პოლიტიკურ ლექსიკონში იგი კვლავ დაბრუნდა, თუმცა ჯერ ჯერობით არა მარტო კონკრეტული ლიდერის, არამედ უფრო ზოგადად ლიდერობის დეფიციტს განიცდის. ვნახოთ რა შეიცვლება ამ არჩევნების შედეგად.
ზოგი არჩევნები რუტინულია, ზოგიც – ისტორიული. თუკი პროგნოზების მიუხედავად, ჯონ მაკეინი მაინც შეძლებს გამარჯვებას, მისი მმართველობა ისტორიაში თავის კვალს დატოვებს, მაგრამ საბოლოო ჯამში მეტ–ნაკლებად ისეთივე იქნება, როგორიც მისი 43 წინამორბედი. ბარაკ ობამას გამარჯვება უდავოდ ისტორიული იქნება, რასაც მისი ოპონენტებიც კი არ უარყოფენ. უბრალოდ მათ მიაჩნიათ, რომ ობამას ისტორიულობა არასასურველ ისტორიებში გახვევაში იქნება გამოხატული.
ჯერ კიდევ ამერიკული დემოკრატიის ყველაზე გამჭრიახმა დამკვირვებელმა, ალექსის დე ტოკვილმა შენიშნა ამერიკული საზოგადოების განსაკუთრებული ასპექტი – მისი ერთდროული აღგზნებულობა და მონოტონურობა. ის "ცხოველმოქმედებს იმით, რომ ადამიანები და საგნები მუდმივად იცვლებიან, მაგრამ მონოტონურია, ვინაიდან ცვლილებები ერთმანეთის მსგავსია." ამ პარადოქსის მიზეზი ისაა, რომ იდეალები, რომელთაც ამერიკელები ესწრაფვიან, უსასრულოა, მაგრამ თავად ამ სწრაფვის მიზანი – უცვლელი.
ამერიკა უნიკალურია იმით, რომ დაფუძნებულია არა საერთო წარმომავლობაზე, არამედ ერთიან იდეაზე. პირველ რიგში, ეს თავისუფლების იდეაა. სენატორმა დენიელ პატრიკ მონიჰენმა სამართლიანად შენიშნა, რომ თუ ევროპა პრიორიტეტს თანასწორობას ანიჭებს, ამერიკისათვის მთავარი თავისუფლებააო.
პირველ საინაგურაციო გამოსვლაში ჯორჯ ვაშინგტონი ამბობდა, რომ "თავისუფლების წმინდა ცეცხლის და მმართველობის რესპუბლიკური მოდელის ბედი ... იმ ექსპერიმენტზეა ... დამყარებული, რომელიც ამერიკელი ხალხისადმია რწმუნებული".
ამერიკის, როგორც ექსპერიმენტის, იდეა ამ ქვეყნის ისტორიის ცენტრალური ნარატივია. ძნელად თუ მოიძებნება რომელიმე სიტყვა, რომელიც შეძლებს, უკეთ გამოხატოს ამერიკელი ერის თვითშეგნება, როგორც მთელი კაცობრიობისათვის წამოწყებული დაუსრულებელი პროცესი ყველაფრის კითხვის ქვეშ დაყენების, პასუხების ძიების, წინადადებათა გამოცდისა და თვითგანახლებისა.
ამერიკაში ყველაფერი განმსჭვალულია მუდმივი იმპროვიზაციისა და ინოვაციის სულისკვეთებით და, ბუნებრივია, მისგან თავისუფალი არც პოლიტიკური ცხოვრებაა. აქ კი ექსპერიმენტის საუკეთესო გამოხატულება სწორედ არჩევნებია. 
Post a Comment