11.04.2008

ძველი კონტინენტის ახალი პრობლემები

მთავარი პრობლემა, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში ობამას ადმინისტრაცია წააწყდება, იქნება ახალი რეალობა, თუ როგორ მიუსადაგებს იგი 20–ე საუკუნის დიპლომატიურ ინსტრუმენტარს 21–ე საუკუნის გამოწვევებს. რუსეთის საქართველოში ინტერვენცია ამერიკის წინაშე არსებულ არჩევანთა წრეს კიდევ უფრო ართულებს.
საქართველოს პრობლემებს ობამა სტანდარტული დემოკრატიული მიდგომების პრიზმაში ხედავს და მათ მოგვარებას ეკონომიკური ბერკეტებითა და ევროპელებთან სინქრონიზებულ მოქმედებით ცდილობს, თუმცა ძნელი სათქმელია, მისი გამარჯვების შემთხვევაში, ვისი ვისთან სინქრონიზება მოხდება – ევროპელები დაუახლოვდებიან ამერიკას და უფრო გაამკაცრებენ რუსეთისადმი საკუთარ პოლიტიკას, თუ პირიქით, ამერიკაც განიმსჭვალება რუსეთთან დიალოგის აუცილებლობის ევროპული რწმენით და გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციამდე არაფერს მოიმოქმედებს გამძვინვარებული დათვის მოსათოკად.
ვინაიდან მთავარ გამოწვევებზე პასუხის გაცემას ობამა ევრო–ამერიკული კოალიციის მეშვეობით აპირებს, მისი საგარეო პოლიტიკის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შესძლებს ის ტრანსატლანტიკური სოლიდარობის აღორძინებას. სწორედ აქაა მთავარი სირთულე, როცა ობამას ევროოპტიმიზმი მალე ძველი კონტინენტის რეალობებს შეეჯახება.
ევროპა შინაგანად გაყოფილია, ამასთან ბოლო 60 წლის განმავლობაში იგი ძალიან მიეჩვია სხვის მიერ გარანტირებული უსაფრთხოების პირობებში არსებობას, არაა მზად უარი თქვას სამშვიდობო დივიდენდზე და გააძლიეროს სამხედრო პოტენციალი, რისთვისაც უხვი სოციალური პროგრამების შემცირება მოუწევს. ევროკავშირის წევრი 21 ქვეყნიდან მხოლოდ 4 ქვეყანაა, რომელიც იმავდროულად ნატოს წევრიცაა და თავდაცვაზე მშპ–ს 2%–ზე მეტს ხარჯავს. ეს ქვეყნებია: ბრიტანეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი და საფრანგეთი.
ბოლო 20 წლის განმავლობაში სამხედრო ხარჯები ამერიკამაც შეამცირა – თუკი ცივი ომის დასაწყისში ამერიკა მშპ–ს 15%–ზე მეტს ხარჯავდა, რეიგანის დროს დაახლოებით 8%–ს, ამჟამად იგი დაახლოებით 4%–ს ხარჯავს. მიუხედავად ამისა, შეერთებული შტატები თავდაცვაზე თითქმის იმდენს ხარჯავს, რამდენსაც დანარჩენი მსოფლიო ერთად აღებული.
ევროპელები პრინციპულად უჭერენ მხარს ავღანეთის ომს, მაგრამ მათ არა აქვთ საკმარისი სამხედრო პოტენციალი და პოლიტიკური ნება, რომ ამ კამპანიაში ქმედითი წვლილი შეიტანონ. ავღანეთში რეალურად მხოლოდ ანგლო–საქსები და ახალი ევროპელები იბრძვიან.
ძველი ევროპის სახელმწიფოების მცირერიცხოვანი სამხედრო კონტინგენტის მანდატი უმეტეს შემთხვევაში საპოლიციო და მშვიდობისმყოფელი ფუნქციებით არის შემოფარგლული და სხვადასხვა სახის ნაციონალური დათქმების სისტემით, მათ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა ეკრძალებათ.
თუკი ევროპულ კონტინენტზე მშვიდობის გარანტი წარმატებას ვერ მიაღწევს ვიღაც თალიბების წინააღმდეგ ომში, ძნელი სათქმელია, რა მოუვა თანამედროვე საერთაშორისო სისტემას – ღია საზღვრები, ღია ზღვები, ღია ვაჭრობა, ღია საზოგადოება, ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. 
Post a Comment