11.04.2008

პოლიტიკა და მორალი

დეტანტის კრახმა კონსერვატიულ რესპუბლიკელებს რონალდ რეიგანისა და ჯესი ჰელმისის მეთაურობით საშუალება მისცა 1976 წელს წამოეწყოთ ენერგიული კამპანია საგარეო პოლიტიკაში მორალის დასაბრუნებლად. მათი მეცადინეობით მიღებული რესპუბლიკელების პლატფორმა ტირანიის ბუნების შესახებ ილუზიებისგან განთავისუფლებაზე, კომუნისტური გამოწვევის რეალისტურ შეფასებაზე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხალხების თვითგამორკვევაზე საუბრობდა.

შეთანხმება შეთანხმებისთვის და დამთმობი საგარეო პოლიტიკა დაგმობილ იქნა. რესპუბლიკელთა საგარეო პოლიტიკის მიზნად მსოფლიოში კანონზე დაფუძნებული თავისუფლებისა და მშვიდობის მიღწევა გამოცხადდა, რისთვისაც მიუწვდომელი სამხედრო უპირატესობის მიღწევა და სტრატეგიული ბალანსის დარღვევის შეუწყნარებლობა იყო აუცილებელი. სწორედ ამ დროს ჩაეყარა საფუძველი ბოროტების იმპერიაზე გამარჯვებას.

რეიგანის ამერიკაში და ტეტჩერის ბრიტანეთში მოსვლას უკავშირდება კონსერვატიული რევოლუცია საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. კარტერის მიერ მარცხმადიდებლობს სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, რეიგანის პოლიტიკა მიზნად ისახავდა თავისუფალი ბაზრის, ტრადიციული მორალური ღირებულებების საფუძველზე ამერიკული ეკონომიკისა და საზოგადოების აღორძინებას, რაც შეერთებული შტატების სამხედრო სტრატეგიული პირველობის წინაპირობა იქნებოდა.

ამ ყველაფრის საწინდარი კი, კონსერვატორთა აზრით, იუდეო–ქრისტიანული ტრადიციის საფუძველზე ამერიკის სულიერი და ზნეობრივი განახლება უნდა ყოფილიყო. კონსერვატიული ქრისტიანები დარწმუნებულები იყვნენ, რომ შეუძლებელია იმის ხელაღებით უარყოფა, რაზეც ჩვენი ცივილიზაციაა დაფუძნებული და ამან მთელ ჩვენ კულტურას, შესაძლოა, დამანგრეველი ზიანი მოუტანოს. შრომისმოყვარეობა, მომჭირნეობა, კანონმორჩილება, ავტორიტეტებისა და ინსტიტუტების პატივისცემა ნებისმიერი საზოგადოების მდგრადი განვითარების საფუძველია.

"ამერიკის სამხედრო ძლიერება მნიშვნელოვანია, მაგრამ ... მსოფლიოსათვის მიმდინარე ბრძოლა ბომბებითა და რაკეტებით, არმიებითა და სამხედრო ძალით არ გადაწყდება. რეალური კრიზისი, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, სულიერი ხასიათისაა, ის ჩვენი მორალური ნებისა და რწმენის გამოცდაა,"– ამბობდა რეიგანი.

ბევრი ამერიკელისათვის მორალური, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხები ერთმანეთთან განუყოფლად იყო დაკავშირებული, ხოლო 60–70–იანი წლების კრიზისის ფესვების ძიებას საზოგადოების შერყეულ ზნეობრივ საფუძვლებთან მივყავართ.

არაფერი ისე არ განაპირობებს ადამიანის კეთილდღეობას და უსაფრთხოებას, როგორც სტაბილური და ტრადიციული ოჯახი, მისი შესუსტება კი სიღარიბისა და დანაშაულის ერთ-ერთ მთავარ სოციალურ მიზეზს წარმოადგენს. მზრუნველი მშობლებისგან შეთვისებული ფასეულობები და არა იმდენად განათლებაზე გაღებული სახელმწიფო ხარჯები განსაზღვრავს ბავშვის აკადემიურ მოსწრებას, რაც მისი შემდგომი ფინანსური წარმატების საწინდარია. 

Post a Comment