11.04.2008

პეილინის ზვირთი

სარა პეილინს საგარეო პოლიტიკასთან დიდი შეხება არა აქვს. მაკეინის გამარჯვების შემთხვევაში, ის უფრო მეტად ენერგეტიკასა და სამთავრობო რეფორმებზე იქნება პასუხისმგებელი. ბენზინზე მკვეთრად მომატებული ფასების პირობებში, ამერიკელთა 2/3–ს ქვეყნის შიგნით ნავთობის ბურღვაზე მორატორიუმის გაუქმება უნდა, რათა შემცირდეს ფასები და იმპორტირებულ ნავთობზე დამოკიდებულება, რომლის ძირითადი მომწოდებლები არადემოკრატიული და, როგორც წესი, ამერიკის მიმართ არაკეთილგანწყობილი ქვეყნები არიან. ენერგორესურსებით მდიდარი ალასკის გუბერნატორს მორატორიუმის გაუქმების საკითხთან დაკავშირებით მაკეინიზე გაცილებით რადიკალური პოზიცია აქვს.

კონსერვატიული მეინსტრიმიდან ამოვარდნილობა მაკეინის კანდიდატურის ძალაცაა და იმავდროულად სისუსტეც. ხშირად ის არ ერიდება პოლიტიკური სპექტრის მეორე ბოლოში მყოფ პოლიტიკოსებთან ძალების გაერთიანებას და თანაც ისეთ საკითხებზე, რაც მისი თანაპარტიელებისათვის პოლიტიკური ანათემაა.

მკრეხელური პოზიციების გამო, მაკეინს ძალიან გაუჭირდა შიდაპარტიულ არჩევნებზე კონსერვატიული ბაზის მხარდაჭერის მოპოვება. ერთი წლის წინ მისი საპრეზიდენტო ამბიციების შესახებ არაერთი პოლიტიკური ნეკროლოგი დაიწერა, მაგრამ ხმები მისი გარდაცვალების შესახებ გაზვიადებული აღმოჩნდა. ერაყის "ზვირთის" წარმატებამ არიზონის სენატორს ახალი სუნთქვა გაუხსნა, ხოლო ნიუ ჰემპშირის პრაიმერიზში გამარჯვებამ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისაკენ გზა გაუკაფა.

პეილინის დასახელებამ მაკეინის საარჩევნო კამპანიის ენერგეტიკა შეცვალა. ალასკის გუბერნატორი კონსერვატორული მოძრაობის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავია და გაცილებით უფრო პოპულარული პერსონაა კონსერვატიულ წრეებში ვიდრე თვითონ მაკეინი. მემარცხენე ელიტაში სარა პეილინის ფენომენით გამოწვეული სიძულვილს, ზიზღსა და პანიკას მომხრეებს სიამაყე ავსებთ. მათთვის ალასკის გუბერნატორის პიროვნებაში გახრწნილი აღმოსავლური ელიტის წინააღმდეგ ამბოხებული შუაგული ამერიკის კვინტესენციაა მოცემული.

პეილინის გამოჩენამ კონსერვატიული ბაზის მობილიზაცია, შთაგონება, მუხტი და მოტივაცია მკვეთრად გაზარდა. მისი ნომინაცია მაკეინის რეიტინგის აღმავალ ტალღას დაემთხვა და რესპუბლიკელ კანდიდატს დაეხმარა, სექტემბრის პირველ ნახევარში საზოგადოებრივი აზრის კვლევებში ობამასთვის გაესწრო.

ერთი რამ, რაც მაკეინსა და პეილინს საერთო აქვთ და ბევრი სხვა პოლიტიკოსისაგან განასხვავებთ, მყარი შინაგანი მორალური კომპასია, რომლითაც ისინი თანამედროვე საზოგადოების რთული პრობლემების გადაწყვეტისას ნავიგირებენ. მათი კონსერვატიზმი უფრო პრაგმატულია, ვიდრე დოქტრინიორული, უფრო ინსტიქტური, ვიდრე იდეოლოგიური, უფრო ინტუიტიური ვიდრე ინტელექტუალური.

ის რაც მომხრეთათვის რესპუბლიკელი კანდიდატების მთავარი უპირატესობა, ოპონენტების აზრით მათ ფუნდამენტურ ნაკლოვანებაზე მიუთითებს. მაკეინსა და პეილინს აქვთ სტრატეგიული ხედვა, მაგრამ აკლიათ მისი განხორციელების ტაქტიკური კომპეტენცია. კრიტიკოსების აზრით, პეილინში გამეორებულია მაკეინის ღირსებები, მაგრამ მისი შერჩევა არ ავსებს არიზონის სენატორის სისუსტეებს და საბოლოო ჯამში არ მატებს იმას, რაც ყველაზე მეტად აკლია. 

Post a Comment