11.04.2008

პოპულიზმი პოპულიზმისა წილ

ნიქსონამდე პოპულიზმის პოლიტიკურ ხელოვნებაში მემარცხენეები უფრო მეტად იყვნენ გაწაფულები. ფრანკლინ რუზველტი რესპუბლიკელებს "ეკონომიკურ როიალისტებს" უწოდებდა. მისი მეოხებით დემოკრატები ამერიკის პოლიტიკაში თითქმის 3 ათეული წელი დომინირებდნენ.

დემოკრატებისა და რესპუბლიკელების პოპულიზმი არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან. მაშინ, როცა დემოკრატიული პარტია ეკონომიკური პოპულიზმით გამოირჩევა, რესპუბლიკელებისათვის უფრო მეტად კულტურული პოპულიზმია დამახასიათებელი. თუკი მემარცხენეთა საყვარელი თემები მდიდრებსა და ღარიბებს შორის მზარდი უფსკრული, სოციალური თანასწორობა და კორპორატიული სიხარბეა, მემარჯვენეები ყურადღებას თავაშვებულობასა და განუკითხაობაზე, სახელოვნებო და აკადემიური ელიტის ზნეობრივ კრიზისზე ამახვილებენ.

რუზველტის დროს სოციალური სამართლიანობის თემებით გატაცების მიუხედავად, დემოკრატიული პოპულიზმის მთავარი ნაირსახეობა ნიქსონის ერამდე არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ კულტურული ხასიათისა იყო. ყველაზე ცნობილი დემოკრატი პოპულისტი არა რუზველტი, არამედ მაინც ამერიკის 41–ე სახელმწიფო მდივანი და 3–გზის უიღბლო საპრეზიდენტო კანდიდატი უილიამ ჯენინგს ბრაიანი იყო. იგი ერთნაირად ზრუნავდა რიგითი ამერიკელის ეკონომიკურ ინტერესებსა და ზნეობრივ სიწმინდეზე, გააფთრებით ებრძოდა როგორც აღმოსავლეთ სანაპიროს ელიტებს, ისე ევოლუციურ თეორიას.

"ოქროს ჯვარზე" გაკრული, მშრომელებისათვის მებრძოლი, "დასავლეთის ვერცხლის რაინდი" იმავდროულად "მშრალი კანონის" აქტიური ადვოკატიც იყო. მისი მთელი ცხოვრება ერთ დიდ ჯვაროსნულ ლაშქრობას წარმოადგენდა, რომლის ფინალური აქტი სახელგანთქმულ "მაიმუნის პროცესში" მონაწილეობა იყო – პროცესის დასრულებიდან 5 დღეში "პროტესტანტი პაპი" გარდაიცვალა. 

Post a Comment