11.04.2008

1938 და 2008 – ბოროტების ფენომენოლოგია

როგორც სანტაიანა ამბობს, ის, ვინც ისტორიის გაკვეთილებს ვერ სწავლობს, მისი გამეორებისათვის არის განწირული. შეიძლება ასევე გავიხსენოთ ჩერჩილი, რომელიც ამბობდა, რომ დათმობებით აგრესორის დაშოშმინება ნიანგის იმ იმედით გამოკვებას გავს, რომ შენ მხოლოდ ბოლოს შეგჭამს.
სუდეტის ანალოგია კარგად აღწერს რუსეთის მოტივებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ცივილიზებულმა მსოფლიომ მაინც მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა იმ დროიდან და ამიტომ დღეს საქართველომ არც 1938 და არც 1968 წლის ჩეხოსლოვაკიის ბედი ბოლომდე არ გაიზიარა. ამერიკის დახმარებით ჩვენ შევძელით გადაგვერჩინა საკუთარი დამოკიდებელი სახელმწიფოებრიობა, ასევე ჩაიშალა რუსეთს გეგმა, დაემხო სააკაშვილის მთავრობა. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც.
ბოროტებისადმი წაყრუებას დღეს და 70 წლის წინ განსხვავებული მორალური დატვირთვა აქვს. მაშინ ევროპამ მშვიდობასა და ომს შორის არასწორი გათვლა გააკეთა. დღეს კი სულ უფრო ბევრისთვის თავად ბოროტებასთან ბრძოლაა მიუღებელი. თუკი მიუნხენს რაღაც ახსნა კიდევ შეიძლება მოუძებნო, რუსეთის აგრესიის წაყრუებას დღეს არავითარი გამართლება არა აქვს.
1938 წელს ევროპა მსოფლიო ომისა და დიდი დეპრესიის წყლულებს იშუშებდა, მაშინ, როცა დღევანდელ დასავლეთს დიდი ხანია მსგავსი პრობლემები დავიწყებული აქვს. ბოლო 30 წელი კაცობრიობის ისტორიაში მსოფლიო მშვიდობისა და კეთილდღეობის ყველაზე ვრცელი პერიოდია. პრობლემები, რომლებიც ამ დროის განმავლობაში იყო და არის, უბრალოდ არ შეედრება იმ გამოწვევებს, რომლებიც ევროპის წინაშე გასული საუკუნის 30–იან წლებში იდგა.
დღევანდელი ეკონომიკური თუ პოლიტიკური კრიზისები, რა თქმა უნდა, უსიამოვნოა, მაგრამ დასავლეთისათვის არცერთი ექისტენციალური საფრთხის მატარებელი არაა. ჩემბერლენისა და მის თანამედროვე პოლიტიკურ ლიდერებს ისეთი მასშტაბის ტრაგედიებთან უხდებოდათ შერკინება, რომლის მსგავსის წარმოდგენაც კი დღევანდელი ადამიანისათვის თითქმის შეუძლებელია.
ვლადიმერ პუტინის, უგო ჩავესის, მაჰმუდ აჰმადინეჯადის, კიმ ჩენ ირის, სადამ ჰუსეინის, სლობოდან მილოშევიჩის ადამიანური ბუნება არსებითად იგივეა, რაც ადოლფ ჰიტლერის იყო. არის მხოლოდ ერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავება – ბოროტება დღეს ბევრად უფრო სუსტია. დასავლეთის მიერ გაღებული მსხვერპლი ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველა ომში ერთად აღებული მილიონჯერ უფრო მცირეა ვიდრე ის, რისი გაღებაც საჭირო გახდა ჰიტლერის ბოლოს მოსაღებად.
ამიტომ პრობლემა არა იმდენად ბოროტების მასშტაბშია, არამედ იმ ლიდერებში, რომელთაც არ ესმით ის, რასაც რეიგანი ბოროტების ფენომენოლოგიას ეძახდა. პრობლემა მხოლოდ ლიდრებში როდია – რაც უფრო მცირდება მსხვერპლის რიცხვი, მით უფრო მცირდება ის ფასი, რომლის გადახდაზეც, გამარჯვების მისაღწევად, მომხმარებლური საზოგადოება მზადაა. რაც უფრო მცირდება ბოროტებასთან ბრძოლის ფასი, მით უფრო მცირდება ბოროტებასთან ბრძოლის, როგორც ფასეულობის მნიშვნელობა. განსხვავება 1938 და 2008 შორის იგივეა, რაც სისუსტესა და გულგრილობას შორის.
Post a Comment